მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 30 » 8 Jahre und Verlassung
01:41
8 Jahre und Verlassung

 

დღეს მორიგი 27 ოქტომბერია და, რა თქმა უნდა, მე ტრადიციულად ბლოგის იუბილეს ვზეიმობ. 8 წელია ვწერ. 28 წლის ვარ ახლა და 20 წლისას დავიწყე სრული უაზრობებით. მე ისევ ის K8 ვარ, რომელიც ბლოგს ჩემი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ და ვწერ ყველაფერ იმას, რასაც მინდა და როგორც მინდა.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. არც იმას მოგიყვებით, როგორ ავირჩიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მე-4 კლასელმა 9 წლის მაღალმა მაჭკატმა გერმანული ენა, როგორ მივედი სახლში და ვუთხარი დედაჩემს: “აუ ხო, რა ვიცი, დამრიგებელმა მკითხა, ინგლისური გინდა თუ გერმანულიო და მე გერმანული ავირჩიე, ინგლისურს ხომ უკვე ვსწავლობ?!” და არც იმას დავსძენ, მამაჩემს როგორ ესიამოვნა ეს ამბავი. მე არც იმას მოგიყვებით, 19-20 წლის ასაკში როგორ ვფიქრობდი გერმანიაში მაგისტრატურის გაკეთებას. შესაბამისად, არც იმას გიამბობთ, როგორ ვსწავლობდი 2007-2009 წლებში გერმანულს Goethe-Institut Tbilisi-ში და კერძო მასწავლებელთან. მე არც იმას გადმოგცემთ, სახის როგორი ამყრალებული გამომეტყველებით მითხრა ჩემმა უფროსმა რიგით მეორე სამსახურში გასაუბრებაზე, რა გინდა გერმანიაში, აქაც შეგიძლია მაგისტრატურა გააკეთოო. მე არც იმას გეტყვით, როგორ მივანებე გერმანულის სწავლას თავი მალევე, როგორც კი სიარული დავიწყე ამავე სამსახურში. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო Verlassung.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. არც იმას მოგიყვებით, თუ როგორ გამომიშვეს ომის შემდგომ კრიზისის პერიოდში მეორე სამსახურიდან და როგორ დავიწყე ისევ თავიდან კარიერის ასაშენებელი აგურების დადება რიგით მესამე სამსახურში. არც იმას მოგიყვებით, როგორ დამაქვეითეს და როგორ გამიუბედურდა დღისა და ღამის რეჟიმი. ვერ მოგიყვებით, როგორ მძულდნენ ტაქსების ის მძღოლები, რომლებიც ჩემს სამსახურის შესახებ კითხვებს მისვამდნენ თუ უბრალოდ მესაუბრებოდნენ. მე აზრზეც კი არ ვარ, როგორ გავძელი 4 წელი ამ სამსახურში. მე ვერც კი მოვთვლი, რამდენჯერ მიტირია ამ ყველაფრის გამო. ვერც კი აღვწერ, მრავალფეროვნების მოყვარული ადამიანი ერთფეროვნებაში როგორ გავიხრწენი და დავემსგავსე ზომბს ამოღამებული და უძინარი თვალებით. ბოლოს კი უბრალოდ ყელში ამომივიდა და სწორედ ეს იყო Verlassung.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. თუმცა, გეტყვით იმას, რომ გერმანიაში წასვლაზე ფიქრი 2014 წლის დეკემბერში დავიწყე. მე არ მოგიყვებით, როგორ მოვძებნე ძალიან კარგი კერძო მასწავლებელი და როგორ დავიწყე გერმანული ენის გახსენება ა/წ თებერვლის 8 რიცხვში. ეს უბრალოდ იყო გადაწყვეტილება Verlassung-ის შესახებ.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. უბრალოდ უკვე აპრილში, როდესაც Goethe-Institut Tbilisi-ში საკუთარი დონე შევიმოწმე გამოცდით, საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა იმის გამო, რომ გიჟივით ვმეცადინეობდი თებერვლიდან მოყოლებული. ეს უბრალოდ იყო გადაწყვეტილება Verlassung-ის შესახებ.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. და არც იმას მოვყვები, რამდენიმე თვეში ერთი ადამიანი როგორ გავიცანი და როგორ დამახვია თავბრუ. თუმცაღა, ისეთი ბანალური ფრაზების კორიანტელი და ბუღი რომ დადგა, როგორებიცაა “it’s not you, it’s me. შენ ძალიან კარგი ხარ, უბრალოდ მე ვარ არეული, თორემ შენ ყველაფერ კარგს იმსახურებ”, მივხვდი, რომ Verlassung-ის დრო იყო.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. მე უბრალოდ იმას გეტყვით, რომ საქართველოში ცხოვრება მომბეზრდა. მომბეზრდა ყველაფრით, რაც მქონდა და ყველაფრით, რაც არ მქონდა. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს Verlassung-ის უდიდესი სურვილი.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. მე ვერ გადმოვცემ დედაჩემის მოწყენილი და გაბრაზებული სახის ნაკვთებს, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტად ვარწმუნებდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ეს იყო გადაწყვეტილება Verlassung-ის შესახებ.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. მე უბრალოდ არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს. ოჯახი, რომელიც ღამღამობით ძილში მოდის და მესიყვარულება: დედა, რომელიც ლამაზი ტუჩებით მიკოცნის თვალების იღლიებს; ბებია, რომელიც მეფერება და მეგრულად მლოცავს; და, რომელსაც თვალებში ეშმაკუნები დაურბიან; დისშვილი, რომელიც ლავიწის ძვლებზე ხელს მადებს და ჩემს სუნთქვას უსმენს. შემდეგ კი მეუბნება: ქეთუშკი, ახლა რა ენაზე დავითვალოთ? მოდი გერმანულად: აინს, ცვაი, დრაი…”. მამაჩემი? კი, მამაჩემიც მოდის და ტრადიციულად, ერთად ვუყურებთ ფეხბურთს. და მაინც, მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო Verlassung.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. მე ვერც იმას გეტყვით, როგორ გადავწყვიტე მოვწიწკნოდი ჩემს სახლს, ჩემს ოთახს, ჩემს კედლებს, სადაც 28 წელი ვიცხოვრე; უბანს, სადაც მუდმივად ბავშვების ყიჟინი და ჩიტების ჭიკჭიკია და მე მაინც გეტყვით, რომ ეს იყო Verlassung.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. ვერც კი აგიღწერთ, როგორი კარგი მეგობრები გავიჩინე. ისეთები, როგორებიც სულ მინდოდა და არასოდეს მყოლია. ისინი, რომლებთანაც წლევანდელი დაბადების დღე აღვნიშნე და მივხვდი, რომ მეგობრები ძალიან მაბედნიერებენ. მაგრამ ეს მაინც არისVerlassung.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. არ მოგიყვებით იმას, 4-5 თვიანი მეცადინეობის შემდეგ როგორ შევიძინე ბილეთი შუაგული ევროპისკენ. ზუსტად ეს იყო Verlassung.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის Verlassung. არც იმას მოგიყვებით, რა ჯანდაბა გვეტაკა მე და ჩემს ყველაზე საყვარელ და ახლო მეგობარს, რომელთანაც ზუსტად 8 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. მე არც იმას მოგიყვებით, როგორი გათიშული, გაოგნებული და სხვა სამყაროში გადასროლილი ვარ ამ ამბის გამო. მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ ეს არის Verlassung. ეს არის ერთერთი ყველაზე მტკივნეული Verlassung!

ჰოდა, მე ახლა აქ ვარ, შუაგულ ევროპაში და ვსუნთქავ გერმანულ ჰაერს. იმედია, დიდი ხნით.  იუბილეს ვულოცავ ჩემს ბლოგს <3
კარგად ვარ და ამაზე კარგად ვიქნები. ზუსტად ვიცი. Because I said so!

წყარო:  http://k84u.com/2015/10/27/8/#more-3295

ნანახია: 429 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar