მთავარი » 2015 » სექტემბერი » 29 » მდინარ,ება
00:17
მდინარ,ება

ასეთია წესი – კლავიატურას რომ უახლოვდები ყველაფერი ერთბაშად გავიწყდება, სრული ამნეზია და გამოცარიელება. არაფერი არ შველის ამ ამბავს, არც ფილმის ჩართვა და არც სიმღერები, – პინქფლოიდის ბოლო ალბომი სრულიად უაზროდ მიედინება ჩემში. – THE ENDLESS RIVER – ჩემთვის ყველაზე გონისწამღები მდინარება სადღაც შორს  და არა ჩემში. მდინარება , როგორც ჩემი ბოლოდროინდელი ყველაზე დიდი , სულისმიერი აკვიატება. ვისუნთქავ, მაგრამ ჩემში არ რჩება, არ მკურნალობს. ამოდის, ისევ სხვას უერთდება. ხელში ნიჩბები მიჭირავს და უაზროდ ვიქნევ – თუმცა ამ თავში ნახავთ , რომ ამ მოხეტიალე სულმა ხელახლა შეცურა საკუთარ მდინარეში .

მერე ვდგამ ნაბიჯებს, პატარას, სხეულთან შეუსაბამოს, როგორც თოთო ბავშვის, გაუბედავად, სუნთქვააჩქარებით, – თუმცა, ნაბიჯი, როგორც წინგადადგმული და არა უკან დასახევად გამიზნული. სადღაც ახლოს მიედინება. მაგრამ ვიცი, რომ იქამდე მისასვლელი გზა მაინც დამიგრძელდება. როგორც ყოველთვის. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ასე ახლოს ჩემს მდინარესთან ჯერ არ ვყოფილვარ.

რადგან ამოვედი აქ – მთაში, ერთ დღეში ყველაფერი მოვაგვარე და საკუთარ თავს მხნეობა ჩავუნერგე, რომ მე რაღაც ვიცი, რაც შეიძლება სხვას სჭირდება. ამ დროს ყველაფერი უახლოვდება სურვილების საწყის წერტილს. უსაზღვრო შთაგონება და ოცნება, რომელიც ღრუბელივით დაგტრიალებს თავს, ხელსშესახები და მყარი ხდება. თითქოს ერთბაშად ვისწავლე, რომ რაც უფრო ვაკონკრეტებ საკუთარ სურვილებს და რაც უფრო კარგად ვმართავ საკუთარ “სპილოს” (ოდესღაც ნასწავლს – გრძნობებს, ემოციებს, როგორც სპილოს), მით უფრო, ახლოს ვარ ჩემს ოცნების ღრუბელთან.

ბუნება, მუსიკა, წიგნები, ბავშვები, ისტორია, ვაშლები, საყვარელი მოცვი, ყველი , სითბო, თეთრი ცხენები, კატა, ძაღლი, სირბილი, მთები, პატარა სკოლა, მელნისფერი ყვავილები, სიმწვანე, ცისფერი თვალების გაბნეულობა – როგორც ჩემი სამედიტაციო ზონა, ერთად მოექცა, და მიმიღო, როგორც ამ ყველაფერს დამატებული კიდევ ერთი უნიკალურობა – და მე არ ვღელავ არც დაკარგულ სულებზე, არც გაბოროტებულ არსებებზე, არც სხვების ლპობაშეპარულ გრძნობებზე, არც გაუგებარ საყვედურებზე, ; არც დიდი ქალაქის აალებადობაზე; არც ჩემს იგნორზე ყველაფრისადმი, რომელიც შიგნიდან მჭამდა. მე ვიპოვე საკუთარი თავი იქ, სადაც ვიცი, რომ აქამდე მელოდნენ, როგორც 24 წლის , 37 ბავშვიანი სკოლის ისტორიის მასწავლებელს.

ეს ის ადგილია, სადაც ქალები კანაფს მისტირიან, რადგან კუბდარი ყველაზე გემრიელი სწორედ ამის დამსახურებით იყო; სადაც ფული და კარგი ტანსაცმელი მნიშვნელობას კარგავს; სადაც ბავშვები სკოლაში მოცვს და ვაშლს გჩუქნიან, მთებიდან და კოშკებიდან ამოსული მზის სხივები კი მათ სხეულზე მიკრულ ცხენის ბეწვებს იტაცებს ჰაერში; სადაც ბიჭებისთვის საკუთარ ძმაზე უპირატესი ადამიანი არ არსებობს. ცისფერთვალება გოგო კი, როგორც როლში შესული ჰომო ერექტუს ან ჰომო ჰაბილის, ნაზი სახის კანით და შრომისგან დაგრძელებული ხელებით, წარმოსახვით კუნძულზე კენჭებს აგროვებს და ციცინათელებს იჭერს, ტანსაცმელს კერავს და ადამიანებს უვლის. ბიჭები კი იცინიან და ფიქრობენ , რომ თავდაპირველად მათ აუცილებლად სჭირდებათ ბასრი ქვები სანადიროდ და საკვების მოსაპოვებლად.

არის ჩემი თეთნულდიც, როგორც ჩემი მწვერვალი ოცნებების , როგორც საკუთარი მდინარის გამოძახილი. ორი დღე სულ ღრუბლებით დაფარული, მოსირცხვილე, ან სულაც ამაყი, საღამოობით სიწითლეშეპარული,კალთებშეფაკლული – და ფიქრობ, რომ მას შენი არ უნდა სრცხვენოდეს, რომ შენ უნდა გრცხვენოდეს მისი სითეთრის, მისი სიმორცხვის , მისი დიდებულების, სიწმინდის – რომ გთვლის ღირსად, იყო მისი კალთის ქვეშ.

არ დავღლილვარ, მეძინა, ვსვამდი, გაკვეთილებს ვამზადებდი, ბავშვებთან ერთად ვჭამდი პატარა ვაშლებს, – დაელამებული, რომ თვალს არ ვაშორებდი, – ავდიოდი, ჩამოვდიოდი, ავდიოდი, ჩამოვდიოდი,  იმ ყველაზე მაღალ წერტილას , საიდანაც ყველაზე უკეთ ჩანდა, – მხოლოდ მესამე დღეს დააღწია თავი ღრუბლებს , ჩამოიფერთხა, გათბა და მომეჩვენა, რომ მე მზად ვარ მასთან შესახვედრად და მასთან ერთად თანაცხოვრებისთვის. თეთნულდი – ჩემი დედოფალი

წყარო:  https://magarayuelady.wordpress.com/2015/09/24/%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/

ნანახია: 495 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar