მთავარი » 2015 » სექტემბერი » 29 » უბრალოდ, პოსტი.
23:41
უბრალოდ, პოსტი.

 

გამარჯობა. ახლა ვიფიქრე, მივაკითხავ - მეთქი ჩემს ბლოგს და შემოვედი კიდეც. მერე ისევ ვიფიქრე, მოდი, დავწერ რამეს - მეთქი, თუმცა თემა ვერ ვიპოვე და რამოდენიმე დაწერილი წინადადება წავშალე. მერე 'დავგუგლე' სიტყვა 'ბლოგი' და რამდენიმე სხვა ბლოგი გადავათვალიერე, იმ იმედით, რომ გავიგებდი, რას და როგორ წერენ სხვები, თუმცა დიდი ვერაფერი.

 

წერენ სიყვარულზე, რის აზრზეც არ ვარ. წერენ თავიანთ ცხოვრებაზე, რაც ისეთი უინტერესო მაქვს, შემიძლია ორ წინადადებაში ჩავატიო. წერენ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, ან უბრალოდ თავს გადაგდენილ ისტორიებზე და თვითონვე იცინიან.
მე კი ამ წუთას უბრალოდ ვუსმენ ჩემს დელ რეის და ვფიქრობ, რა უნდა დავწერო ისეთი, რაც არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ თემას არ შეეხება.
სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინ ჩემს ცხოვრებას გადაჭარბებულ შავ-თეთრ ფერებში ვხედავდი, ვწერდი ენით აუწერელ ტკივილზე, რომელიც მეუფლებოდა, როდესაც ვუყურებდი ხალხის ქცევებს, მათ შიშს, 'ხალხი რას იფიქრებსო', რომელსაც განიცდიდნენ ყოველი მათი აზრის წარმოთქმისას. ვფიქრობდი იმაზე, რატომ არ შემეძლო ჩემი საუკეთესო მეგობრებისთვისაც კი, გამემხილა ჩემი ნამდვილი გრძნობები. ალბათ იმიტომ, რომ მაინც ვერ გაიგებდნენ, ისინი ხომ სულ სხვანაირს მიცნობდნენ. ამ ყველაფრის გამო ჩემს ოთახში მყოფს ტირილი მივარდებოდა ხოლმე, ბალიშში თავს ვრგავდი და ვკიოდი.
ახლა ამ ყველაფერს შევეჩვიე, თუმცა ხანდახან, მარტო ყოფნისას მაინც წამომივლის ხოლმე 'შეტევები', რის შემდეგადაც მეგობრებ-ნაცნობები ფიქრობენ, რომ სინამდვილეში სხვანაირი ვარ, ხოლო ინტერნეტ-სივრცეში თავის სულ სხვანაირად წარმოჩენას ვცდილობ. მათ არ იციან და ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რომ ყველაფერი სულ პირიქითაა, ამიტომ არც ვეკამათები ამის შესახებ და უბრალოდ ვცდილობ, თემა შევცვალო. ხომ ვიცი, რომ ნახონ ჩემი ნაწერები, გაიგონ რას ვფიქრობ სინამდვილეში, გაოგნდებიან და მათაც დავკარგავ, რაც ნამდვილად არ მინდა, რადგან სიმართლე უნდა ითქვას - მათთან ერთად ყოფნისას დროებით ვივიწყებ ამ ყველაფერს.
იმედია თავს არ გაბეზრებთ ჩემი ოდნავდეპრესიული პოსტით, თუმცა თქვენ ხომ არ იცით, როგორ შვებას მანიჭებს ის, რომ შემიძლია ვიღაც უცნობ ადამიანს მაინც გავუზიარო ეს ყველაფერი, რასაც ნაცნობს ვერ ვეტყვი. წინასწარ ვიზრუნე, რომ ჩემი ნაცნობი არავინ შემოხეტებულიყო აქ. ^ ^ და რომც შემოხეტებულიყო, მაინც ვერ ამოეცნო ამ პოსტის მწერალში ჩემი თავი.
დღეისათვის ამით დავასრულებ და იმედს ვიქონიებ, რომ რამდენიმე მკითხველი მაინც გამიგებს და ბოდვად არ მიიჩნევს ჩემს ნაწერს. დროებით.

წყარო:  http://sheshlilisblogi.blogspot.com/2012/12/3.html

ნანახია: 337 | დაამატა: zura76 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar